English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ ნანა ბიბილაშვილი
კორეის რესპუბლიკის ინოვაციური სისტემის თავისებურებები

ანოტაცია

სტატიაში განხილულია კორეის რესპუბლიკის ინოვაციური სისტემის შექმნისა და ჩამოყალიბების თავისებურებები და განვითარების ეტაპები 1962-2016 წლებში. მოკლედ დახასიათებულია წარმატების განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორები: სახელმწიფოს განმსაზღვრელი, ეფექტური როლი რეფორმების განხორციელებაში; მჭიდრო თანამშრომლობა სახელმწიფოს, ბიზნესსა და სამეცნიერო წრეებს შორის; ჩებოლების მნიშვნელოვანი როლი ეისშექმნასა და ჩამოყალიბებაში; მოსახლეობის განათლებულობა, იაფი და კვალიფიციური მუშახელი, შექმნილი ინსტიტუციური საფუძველი, ლიბერალური საპატენტო კანონმდებლობა; უცხოური მოწინავე ტექნოლოგიების გადმოტანა (ძირითადად არაფორმალური გზით); დიდი და მზარდი დანახარჯები მეცნიერებასა და განათლებაზე.

საკვანძო სიტყვები: ეროვნული ინოვაციური სისტემა, ტექნოლოგიების ტრანსფერტი, სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოტენციალი, ინოვაციური პოლიტიკა, საპატენტო კანონმდებლობა, ჩებოლები, კორუფცია, გლობალური ინოვაციური ინდექსი. 

შესავალი 

წარმატებები, რომელსაც კორეის რესპუბლიკამ სულ რაღაც რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მიაღწია და რომელიც ცნობილია “კორეის სასწაულის” სახელწოდებით, არის ქვეყანაში არსებული ინოვაციური სისტემის ფუნქციონირების უშუალო შედეგი, რომლის შექმნისა და ჩამოყალიბების ისტორია სრულიად განსხვავებულია სხვა ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნებისაგან, თუმცა სწორედ ეს განსხვავებულობა იძლევა შესაძლებლობას ნათლად დავინახოთ რამდენად დიდი წარმატებების მიღწევაა შესაძლებელი, როცა სახელმწიფო, ბიზნესი და მეცნიერება ერთმანეთთან მჭიდროდ თანამშრომლობს და ერთნაირი ძალისხმევით ცდილობს ეროვნული ინოვაციური სისტემის ფორმირებასა და ეკონომიკის წარმატებულ განვითარებას მეტად არახელსაყრელ სასტარტო პირობებშიც კი (დეფიციტური რესურსული პოტენციალი, მკაცრი კონკურენცია, ტექნოლოგიური ჩამორჩენილობა). 

* * *

გასული საუკუნის 60-იან წლე­ბამდე ქვეყანა აგრარული ეკონომიკის მქონე სახელმწიფოთა რიგს განეკუთვნე­ბოდა, მშპ მოსახლეობის ერთ სულზე 103 აშშ დოლარი იყო, მრეწველობის ხვედრითი წილი მშპ-ში 15% და იმპორტი ექსპორტს 7-ჯერ აღემატებოდა [Колотына E. A].

ომის დასრულების შემდეგ, ქვეყანამ დაიწყო ეკონომიკის თანდათანობით ტრანსფორმაცია ინოვაციურ საფუძველზე. კაპიტალიზმისა და თავისუფალი ბაზრისადმი განცხადებული ერთგულების მიუხედავად, თავიდან კურსი აღებულ იქნა საკუთარი პატრონაჟის ქვეშ მსხვილი მონოპოლიების (ჩებოლების) შექმნაზე, რამდენადაც ივარაუდებოდა, რომ მათ ექნებოდათ შესაძლებლობა ინოვაციური ნახტომის განსახორციელებლად [3] და როგორც ქვეყანა ვითარდებოდა მკვეთრად გამოხატული გეგმური ეკონომიკის პირობებში. სწორედ სახელმწიფომ შექმნა მყარი საფუძველი ინოვაციური გარღვევისათვის შვიდი ხუთწლიანი გეგმის მიღებისა და მისი შესრულების მკაცრი კონტროლის პირობებში.

სახელმწიფომ დაიწყო პირველი ხუთწლიანი გეგმის რეალიზაცია 1962 წლიდან, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ინდუსტრიული ინფრასტრუქ­ტურის, ქვეყნის ელექტროფიკაციისა და ეკონომიკის ცალკეული პრიორიტეტული დარგების განვითარება.

ძალზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე იყო კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის და კორეის წამყვანი სამეცნიერო-ტექნიკური ინსტიტუტების შექმნა. 1967 წელს შეიქმნა კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამინისტროც, რომლის ამოცანას წარმოადგენდა სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის შემუშავება და რეალიზაცია [2].

მეორე და მესამე ხუთწლედებში პრიორიტეტული გახდა ნავთობქიმიური, საავტომობილო, გემთმშენებელი და სამომხმარებლო ელექტრონიკის, ექსპორტზე ორიენტირებული ინდუსტრიისა და მასთან თან დაკავშირებული დარგების დაჩქარებული განვითარება.

მეოთხე (1977-1981) მიზნად ისახავდა საგარეო ბაზრებზე სამხრეთკორეული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. აგრეთვე მოწინავე ინტენსიური ტექნოლოგიების დანერგვას წარმოების ავტომატიზაციის ბაზარზე [МореходовМ.А., 2012].

მეხუთე ხუთწლედში(1982-1986) ამოქმედდა სკსსს ახალი პროგრამა ახალი ტექნლოგიური და მართვის ავტომატიზირებული სისტემები და უკვე მაშინ, ორიენტაცია აღებულ იქნა ქვეყნის განვითარების ინოვაციური მიდგომების გაძლიერებაზე.

ამავე და შემდგომ პერიოდებში სამხრეთ კორეის მთავრობამ თავის თავზე აიღო კვლევებისა და პროექტების განხორციელება მრეწველობის წამყვან  დარგებში, რომელიც მანამდე კერძო სექტორისათვის ძალზე ძნელი იყო (დანახარჯების 80%). პროექტების პერსპექტიულობისა და საიმედოობის კრიტე­რიუმს წარმოადგენდა ტექნიკური სიახლე, უპირატესობა არსებულ საზღვარგარეთულ ანალოგებთან  შედარებით, არსებული რესურსების ათვისების ხარისხი, სოციალური მნიშვნელობის გათვალისწინება. მათ შორის უშუალოდ მრეწველობაზე ორიენტირებული პროექტები ხორციელდებოდა კერძო, სახელმწი­ფო და მთავრობის ერთობლივი ძალისხმე­ვით, მთელი საზოგადოებისათვის საჭირო და სასარგებლო _ მხოლოდ სახელმწიფოს ხარჯზე.

მთავრობამ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების განხორციელება კერძო სექტორ­ში წაახალისა სხვადასხვა შეღავათებით, ფინანსური სუბსიდიებით, გადასახადებიდან განთავისუფლებით, დაბალპროცენტიანი გრძელ­ვადიანი სესხე­ბით, სახელმწიფო მომარაგების გარანტიებით და სხვა. ამ ღონისძიებებმა სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების რიცხვი 28-ჯერ გაზარდა.

მეექვსე ხუთწლედში (1987-1991) შეიქმნა ახალი ეკონომიკური ზონები, როგორც სამხრეთ კორეის დრაივერები. ამავე დროს გაძლიერდა სამეცნიერო- კვლევითი სამუშაოების ინტენსიფიკაცია.

მეშვიდე ხუთწლედმა (1991-1996) უკვე მოიტანა პირველი ინოვაციური შედეგები. ქვეყანა საგარეო ბაზრებზე გავიდა ისეთ ინოვაციურ სფეროებში, როგორიცაა მიკროელექტრონიკა, ბიოინჟინერია, აეროკოსმოსური ტექნოლოგიები და მხოლოდ ასეთი მძლავრი საფუძვლის შექმნის შემდეგ, თანდათანობით გადა­ვიდა საბაზრო მოდელზე, თუმცა ზოგიერთ მომენტებში ინარჩუნებდა სამეურნეო დაგეგმვის ელემენტებს [МореходовМ.А., 2012].

გაკვრით აღვნიშნავთ (ეს საკითხი უფრო ღრმა ანალიზს მოითხოვს), რომ მოდერნიზაციაზე სამხრეთ კორეაში დადებით ზემოქმედებას ახდენდა და ახლაც ახდენს კონკურენცია ჩრდილოეთ მეზობელთან, კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკასთან (კსდრ), რომელიც თავდაპირველად გარკვეულ კონკურენციულ უპირატესობებსაც ფლობდა.

კაპიტალის კონცრენტრაციისა და ცენტრალიზაციის პროცესმა ქვეყნის ეკონომიკაში განაპირობა მსხვილი ფინანსურ-სამრეწველო ჯგუფების (ჩებოლების) წარმოქმნაც და ტოტალური კორუფციაც (რამდენადაც საკუთარი საბანკო სტრუქტურების უქონლობის გამო, ძლიერ იყვნენ დამოკიდებულნი დაფინანსების სახელმწიფო მონოპოლიაზე), რაც უძლიერესი კრიზისით გამოიხატა (1997-1998), რომლიდანაც გამოსვლა ქვეყანამ მოახერხა სახელმწიფო რეგულირების გამკაცრებით, აშშ-დან მიღებული სესხებით, სხვადასხვა რეფორმებისა და ღონისძიებების დახმარებით, რომელთა შორის შეიძლება დასახელდეს: შეზღუდ­ვების გაუქმება უცხოელი იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის ეროვნული ბიზნესის შეძენაზე შერწყმისა და შთანთქმის გზით და იმ კანონის ამოქმედებით, რომელიც უცხოელი ინვესტორებისათვის სხვადასხვა შეღავათებს ითვალის­წინებდა; საწარმოებისა და კომპანიების ხელმძღვანელობის დონის მსოფლიო სტანდარტებამდე აწევა; კანონმდებლობაში შესწორებებისა და დამატებების შეტანა; საფინანსო-საბანკო სექტორის რეფორმირება, რომლის შედეგად 96 ფინანსური ინსტიტუტი დაიხურა ან ოპერაციები შეაჩერა; მოხდა ანგარიშგების საერთაშორისო სისტემაზე გადასვლა, განმტკიცდა კორპორაციული კავშირები მსხვილ და მცირე ბიზნესს შორის, განხორციელდა რეფორმა შრომითი ურთიერთობების სფეროში, რომლის შედეგად ბაზარი უფრო მოქნილი გახდა; რასაც ხელი შეუწყო აგრეთვე იმ შესწორებებმაც, რომელიც ითვალისწინებდა დარგებში მასობრივ დათხოვნებსაც და ძლიერი პროფკავშირების ორგანიზებასაც; ამის გარდა გადაიხედა ჩინოვნიკური აპარატის მუშაობის ეფექტიანობაც, გაუქმდა მთავრობის მიწერილობებისა და მოთხოვნების ნახევარი, ხოლო სახელმწიფო მოხელეების რიცხვი ყველა დონეზე 11%-ით შემცირდა და სხვა [СелезневП. С., 2014].

1999 წლიდან კრიზისის შედეგების დაძლევის პოლიტიკის ჩარჩოებში, ამოქმედდა სტრუქტურული გარდაქმნის ფართომასშტაბიანი პროგრამა, რომელიც  თავდაპირველად ლოკალურ პროექტს წარმოადგენდა და ორიენტირებული იყო არა იმდენად ახალ ტექნოლოგიებზე გადასვლაზე, რამდენადაც საკუთარი რესურსების მოძიებასა და ამოქმედებაზე, ეროვნული ეკონომიკის სტაბილი­ზაციასა და ადგილობრივი მრეწველობის მყარ ზრდაზე გადასვლასთან დაკავშირებით ქვეყნის უმსხვილეს ქალაქებში მრეწველობის ცალკეული დარგების სპეციალიზაციით (ფეხსაცმლის წარმოება, ოპტიკური ელექტრონიკა, საფეიქრო მრეწველობა, მანქანათმშენებლობა). შემდეგ მას მიუერთდა ცხრა დამატებითი მონაწილე და პროექტმა მიიღო სახელწოდება “4+9”.

ეკონომიკის რეფორმირების ფორმულირებული ამოცანების ბაზაზე ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ განისაზღვრა ახალი ინდუსტრიული განვითარების სტრა­ტეგია, მისი რეალიზაციის რამდენიმე ეტაპად განხორციელების გზით, რომლის მიხედვით პირველი ითვალისწინებდა ეროვნული ეკონომიკის ინოვაციურ განვითარებას; მეორე _ განვითარებისათვის საფუძვლების ფორმირებას დეპრე­სიულ რეგიონებში და ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის ორჯერად ზრდას დოტაციურ რეგიონებში.

 მესამე_ ახალი ტერიტორიული სტრუქტურების ფორმირებას, ურთიერთ­ქმედებების განვითარებას მეზობელ სახელმწიფოებთან “ღია კარის” პოლიტიკის შესაბამისად; საწარმოო ძალების რეგიონთაშორისი განლაგების ოპტიმიზაციის მიზნით ისეთი სატრანსპორტო სისტემის აშენებას, რომელიც შესაძლებელს გახდის რესპუბლიკის ახალ ადმინისტრაციულ დედაქალაქში ჩასვლას ორი საათის განმავლობაში ქვეყნის ნებიმიერი რეგიონიდან.

კორეის რესპუბლიკის ინოვაციური სტრატეგია, საკუთარი ტექნოლოგიური პოტენციალის უქონლობის პირობებში, თავდაპირველად ეფუძნებოდა ტექნოლო­გიების უცხოურ წყაროებს და ქვეყნის შიგნით მის გავრცელებას, პარალელურად საკუთარი ინოვაციური პოტენციალის განვითარებას მიღებული ტექნოლოგიების ეფექტური ათვისების, გამოყენებისა და სრულყოფის გზით.

მისი ინოვაციური სტრატეგიის თავისებურებას წარმოადგენდა ის, რომ ქვეყანა ხელს კი არ უწყობდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (პუი) მოზიდვას, არამედ პირიქით წინააღმდეგობებსაც უქმნიდა მას, რასაც ისეთი ღონისძიებებით ახორციელებდა, როგორიც იყო: საკუთრების უფლების შეზღუდვა, მოგების რეპატრიაცია, მოთხოვნის დაწესება ტექნოლოგიების გადაცემასა და პროდუქციის ექსპოტრზე და სხვა. ასეთი შემზღუდველი პოლიტიკა აუცილებელი იმის გამო გახდა, რომ მოსახლეობის დამოკიდებულება ტრანსეროვნული კომპანიების (ტეკ) მიმართ უარყოფითი იყო, რამდენადაც ისინი თვლიდნენ, რომ ტეკსაზღვრების გახსნა იწვევს განვითარებადი ქვეყნების ეროვნულ ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ დამოკიდებულებას მრეწველურად განვითარებულ ქვეყნებზე. ამიტომ კორეის მთავრობამ უცხოური ინვესტიციები მოიზიდა ძირითადად კრედიტების სახით საკვანძო დარგებში, საწარმოო დანიშნულების საქონლის შესაძენად. ამასთან მთავრობა განსაზღვრავდა არა მხოლოდ მრეწველობის იმ დარგებს სადაც დაბანდებები უნდა განხორციელებულიყო, არამედ იმ მეწარმეებსაც, რომლებსაც უნდა განეხორციელებინათ ახალი ინვესტიციური პროექტები (მათგან ზოგიერთი შემდგომში ჩებოლების მფლობელი გახდა). შედეგად პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა კორეის ეკონომიკის განვი­თარებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა ვერ მოახდინა, რამდენადაც მისი ხვედრითი წილი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში მხოლოდ 4%-ს შეადგენდა, ანუ თუ 1962-1971 წლებში პუი-ს მოცულობა კორეის რესპუბლიკაში 264 მლნ დოლარს უდრიდა, სამრეწველო დანიშნულების საქონლის იმპორტი 2,9 მილიარდი დოლარი იყო. ისიც აღსანიშნავია, რომ ქვეყნისათვის ტექნოლოგიების შეძენის არხები უპირატესად არაფორმალური იყო ანუ უფრო იაფი, რამდენადაც მათი შეძენა შუამავლების გარეშე ხორციელდებოდა [КолотынаE. A.].

 საკუთარი სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოტენციალის შექმნა.ხელისუფლე­ბის ძალისხმევის შედეგად ქვეყანამ აუცილებელ საგანმანათლებლო დონეს დიდი ინოვაციური პროექტების განსახორციელებლად ჯერ კიდევ 2003 წელს მიაღწია, როცა მოსახლეობის საერთო წიგნიერება 98%-მდე ამაღლდა და კანადისა და აშშ შემდეგ მსოფლიოში მესამე ადგილზე აღმოჩნდა. ამაში საკმაოდ დიდი როლი კონფუციურმა ტრადიციამაც ითამაშა, რომლის მიხედვით განათლება და მეცნიერება ძალზე დიდ ფასეულობად არის აღიარებული.

 სამეცნიერო კვლევებისა და ტექნოლოგიების საკუთარი ბაზის განვითა­რებით ქვეყანაში დაკავებულია კორეის მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტრო, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტი და მთავრობის მიერ მხარდაჭერილი 20 სამეცნიერო ინსტიტუტი, რომელთა შორის აღსანიშნავია კორეის მანქანათ­მშენებლობისა და ლითონების ინსტიტუტი, ელექტრონიკისა და ტელეკომუნი­კაციების კვლევითი ინსტიტუტი, ქიმიური ტექნოლოგიების ინსტი­ტუტი, სტანდარ­ტიზაციისა და მეცნიერების კვლევითი ინსტიტუტი, კვლევითი ინსტი­ტუტი ენერგიის სფეროში, ოკეანის კვლევის ინსტიტუტი და სხვა. 1974 წელს დაწყებულ იქნა სამეცნიერო ქალაქ დედუკის მშენებლობა, რომელშიც ამჟამად თავმოყ­რილია ბევრი სახელმწიფო და კერძო სამეცნიერო ინსტიტუტი. სადაც XXI ს. დასაწყისისთვის სამეცნიერო დამუშავებები ძირითადად წარმოადგენდა ან წარსული (და არსებული) ტექნოლოგიების სრულყოფას, ან იმპორტირებული ტექნოლოგიების მისადაგებას ადგილობრივ პირობებთან [АбдурасуловаД., 2009]. უცხოური გამოცდილების გამოყენება ხორციელდებოდა უმთავრესად ერთობლივი ვენჩურული კომპანიების შექმნის გზით იაპონელ პარტნიორებთან. ამასთან ერთად სახელმწი­ფო მხარს უჭერს ტექნოლოგიების ტრანსფერტის ცენტრების შექმნას უნივერსიტეტებში, რომელთაც აქვთ უნივერსიტეტში განხორციელებული დამუშავების გამოყენების ლიცენზირების უფლება, ხოლო უნივერსიტე­ტებს საკუთარი წარმოების უფლება თავიანთივე აღმოჩენების კომერ­ციალი­ზაციისათვის.

 უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ 2007 წ. საერთო ინვესტიციებმა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით 38.6 მლრდ. ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ის 3.77% იყო. ამასთან, ქვეყანაში კაპიტალდაბანდებები ხორციელდებოდა იმ ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით, რომლებიც ხელს უწყობდა საზოგადოებრივი კეთილდღეობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და მრეწველობის ახალი დარგების განვითარებას [КолотынаE. A.].

2001 წელს მიღებული კანონის საფუძველზე ფორმულირებული იქნა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების საბაზო გეგმები (2003-2007, 2008-2012 და 2013-2017 წლების). აღნიშნული გეგმა სამ ეტაპად იყო დაყოფილი, რომელთაგან თითოეული ფოკუსირებულია განსაზღვრულ მიზანზე.

  • პირველ ეტაპზე 2005 წელს იგეგმებოდა ყველა შესაძლო რესურსის მობილიზაცია კორეის რესპუბლიკის ასაყვანად კონკურენტუნარიანობის მსოფლიო ლიდერების დონეზე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში.
  • 2015 წლისათვის დაგეგმილი იყო ლიდერად გახდომა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში კვლევებისა და ტექნოლოგიების სფეროში.
  • 2025 წლისათვის დაგეგმილია კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა კვლევებისა და დამუშავებების სფეროში, დიდი შვიდეულის ქვეყნების დონეზე.

ამასთან განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ტექნოლოგიების ხარისხს, ცხოვრების დონეს, გარემომცველი გარემოს დაბინძურების დონეს, ინოვაციების განვითარებას მედიცინაში,Aაგრეთვე, იმ ამოცანების გადაწყვეტას, რომელიც დაკავშირებულია რევოლუციებთან ინფორმაციულ და ბიოტექნოლოგიურ სფეროებში.

2008-2010 წლების გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა არსებითად შეაფერ­ხა კორეის რესპუბლიკის ინოვაციური განვითარება დი მისი ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლები. ამის მიუხედავად, მან შეძლო კრიზისის შედეგების დაძლევა და უკვე 2009 წელს მოახერხა 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა ქვეყნის 4 უმსხვილესი მდინარის წყლის რესურსების შენახვისა და რეკონსტრუქციის პროგრამის ამოქმედების შედეგად.

მცირე და საშუალო ბიზნესი. მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას კორეაში დიდი ყურადღება ექცევა ახალი სამუშაო ადგილებისა და მყარი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე. ქვეყანაში (2005 წლის მონაცემებით) დაახლოებით 3 მლნ მცირე და საშუალო საწარმოა, რაც კომპანიათა საერთო რაოდენობის 99,5%-ია, მ.შ. მცირეთა ხვედრითი წილი 97%-ია, და მათში დასაქმებულია ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 87% (10 მლნ კაცზე მეტი), რომელიც აწარმოებს ქვეყნის მშპ-ის ნახევარს (დაახლოებით 240 მილიარდ აშშ დოლარს) და ექსპორტის 43% [16].

მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პოლიტიკის დამახასიათებელ ნიშანს უკანასკნელ წლებში წარმოადგენს ნასესხებ კაპიტალზე დაბალი საპროცენტო განაკვეთის უზრუნველყოფა და საბანკო დაკრედიტების პროგრამების გაფართოება. მცირე ბიზნესის საქმიანობაში საბაზრო კომპონენტის გაძლიერების მიზნით მთავრობას განზრახული აქვს ყველაზე კონკურენტუნარიანი კომპანიების მხარდაჭერის გაძლიერება. შიდა ბაზრის დერეგულაციის ღონისძიებების მიზანია ვენჩურული კომპანიების ფართო ქსელის ორგანიზება. ამ მიზნით მთავრობამ შექმნა საკრედიტო რისკების შეფასების სპეციალური სარეიტინგო სააგენტო. მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე 1997 წლის მიღებული “სპეციალური აქტი ვენჩურული კაპიტალის განვითარებისათვის”. სამხრეთ კორეაში დარეგისტრირებულია 13 ათასი ვენჩურული კომპანია (2005 წლის მონაცემები), რომელთაგან 72% საქმიანობა დაკავშირებულია ახალი ტექნოლო­გიების დანერგვასთან, 13% ­_ ვენჩურულ კაპიტალთან და 15% _ მეცნიერულ-ტექნიკურ დამუშავებებთან. ვენჩურული კომპანიების დიდი ნაწილი (65%) მუშაობს წარმოებაში, 27% _ მომსახურების და ინფორმაციის სფეროში და მხოლოდ 0,2% _ სოფლის მეურნეობაში [16].

დასკვნა 

დასასრულს, შედარების სახით, შეიძლება ვთქვათ, რომ ქვეყნის ინოვაციური გარდაქმნების რეალიზაციის შედეგად, სამხრეთ კორეა ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერი გახდა მთელი რიგი მაღალტექნოლოგიური ისეთი პროდუქციის წარმოებით, როგორიცაა საავტომობილო და გემთმშენებლობა, ელექტრონიკისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოება, ფოლადსამსხმელო წარმოება და სხვა. “სამხრეთკორეული სასწაული” კი ისეთი ფაქტორების ერთობლიობამ განაპირობა, როგორიცაა:

  •  სახელმწიფოს განმსაზღვრელი და ეფექტური როლი რეფორმების განხორციელებაში, განსაკუთრებით ინოვაციური სისტემის შექმნასა და ჩამოყალიბებაში, რომელიც არა მხოლოდ არეგულირებს ეის ჩარჩოების ფარგლებში წარმოქმნილ ურთიერთობებს, არამედ თვითონ წარმოადგენს მის უშუალო მონაწილეს;
  •  მჭიდრო თანამშრომლობა სახელმწიფოს, ბიზნესსა და სამეცნიერო წრეებს შორის;
  •  ჩებოლების მნიშვნელოვანი როლი ეის შექმნასა და ჩამოყალიბებაში, რამდენადაც სწორედ ისინი ახდენენ ახალი ტექნოლოგიების ათვისებასა და კომერციალიზაციას;
  •  მოსახლეობის განათლებულობა, იაფი და კვალიფიციური მუშახელი;
  •  ლიბერალური საპატენტო კანონმდებლობა;
  •  უცხოური მოწინავე ტექნოლოგიების გადმოტანა;
  •  დიდი დანახარჯები მეცნიერებასა და განათლებაზე საერთოდ და კერძოდ, სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებზე (სკსსს);
  •  საქმიანი აქტივობისათვის ხელსაყრელი საერთაშორისო კლიმატი [7].

უნდა ითქვას იმაზეც, რომ მიღწეული დიდი წარმატებების მიუხედავად ზოგიერთი მეცნიერის აზრით (ჰარვარდის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი დ. როდრიკი), სამხრეთ კორეამ თითქმის მიაღწია თავისი “განვითარების ჭერს” და ახალი წარმატებები მოსალოდნელი აღარ არის. თუმცა აღნიშნული მოსაზრება ჯერ-ჯერობით არ დასტურდება, რადგანაც გლობალური ინოვაციური ინდექსის (გიი) მიხედვით _ 2016 წელს კორეის რესპუბლიკამ ინდექსის მაჩვენებელი წინა წლის მიმართ არა თუ გააუარესა, არამედ გააუმჯობესა კიდეც, თუ 2015 წელს  მსოფლიოში მე-14 და რეგიონში (სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია და ოკეანია) _ მესამე ადგილზე იყო, 2016 წელს შესაბამისად მე-11 და მე-2 ადგილზე გადაინაცვლა.

სრულიად აშკარა წარმატებების მიოუხედავად, კორეის რესპუბლიკის ინოვაციურ სისტემას ნაკლოვანებებიც ახასიათებს, რომელიც გამოხატულია იმით, რომ:

  • სუსტია კავშირი სახელმწიფო კვლევით ინსტიტუტებს (სკი)-სა და სასწავლო დაწესებულებებს შორის;
  • განვითარების შედარებით დაბალ დონეზეა მაღალტექნოლოგიური მცირე და საშუალო მეწარმეობა;
  • რეგიონების განვითარება არათანაბარია;
  • ფუნდამენტური კვლევა შედარებით დაბალ დონეზეა;
    • უპირატესია სიახლეების იმპორტზე დაფუძნებული ინოვაციური აქტივობის დამწევი მოდელი. იმის გარდა კორეის ინოვაციური სისტემა და მთლიანად ეკონომიკა შეიძლება შეეჯახოს ისეთ სიძნელეებს, როგორიცაა:
    • შობადობის დაბალი დონე და ერის დაბერება;
    • მსოფლიო ბაზარზე უკეთესი ტექნოლოგიების მქონე კონკურენტების გამოჩენა;
    •  პრობლემები ნედლეულის მიწოდებაში. 

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. ნ.არევაძე, ნ.ბიბილაშვილი,კორეის რესპუბლიკის ინოვაციური პოლიტიკა. ი. ჯავახიშვილის სახელობის პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის დაარსების დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებული: “ინოვაციური ეკონომიკა და მისი ფორმირების პრობლემები პოსტკომუნისტურ ქვეყნებში”. თბილისი, 2016.
  2. Глобальный инновационный индекс 2015 г.: в рейтингах лидируют Швейцария, Соеди­ненное Королевство, Швеция, Нидерланды и США. http://www.wipo.int/pressroom/ru/articles/2015/article_0010.html
  3. Корейское чудо _  уроки для России. http://www.contrtv.ru/print/2641/
  4. Мореходов М. А. Южная Корея: секреты успеха // Азия и Африка сегодня. № 1, 2012, стр. 18.
  5. Гомбоев А. Б. Инновационная политика республики Корея: историческая и терри­ториальная специфика (1966-2009). http://cyberleninka.ru/article/n/innovatsionnaya-politika-respubliki-koreya-istoricheskaya-i-territorialnaya-spetsifika-1966-2009-gg
  6. Конина Н. Ю. Реструктурирование деятельности финансово-промышленных групп Южной Кореи в условиях кризиса.Проблемы теории и практики управления. - 1999. - № 3. - С. 31-37.
  7. Селезнев П. С. Инновационная политика современного государства: стратегии, модели, практика. Москва, 2014. http://library.fa.ru/files/Seleznev.pdf
  8. Абдурасулова Д. Промышленная политика Южной Кореи. Экономист. – 2009. – № 01.
  9. http:www.minpred.ru/contet/pya/pya 2012/pya/pya 2012-2011/m.98.
  10. Cho Chung-un Korea Unveils Four-River Master Plan // The Korea Herald, 2009,  April 28.
  11. Колотына E. A. Особенности становления инновационной системы Республики Корея. https://cyberleninka.ru/article/n/osobennosti-stanovleniya-innovatsionnoy-sistemy-respubliki-koreya
  12. OECD Reviews of Innovation Policy: Korea (2009).
  13. http://smba.go.kr/eng/smes/statistics_01.do?mc=usr0001148
  14. Сахариева А.С.,Национальная инновационная система Южной Кореи: со скамейки запасных в форварды. Kaznu Bulletin. Economics series, №6 (100), 2013.
  15. Рязанова А.Н., Политика республики Корея в формировании инновационной  экономики,     http://journals.tsu.ru/uploads/import/852/files/339-078.pdf
  16. По данным Администрации малого и среднего бизнеса ЮК на 2005 год. http://www.kfsb.or.kr/english
  17. Глобальный инновационный индекс 2016 г.: в рейтингах лидируют Швейцария, Швеция, Соеди­ненное Королевство, Финляндия, Сингапур.